ახალი ამბები

ნატოში საქართველოსთან “ინტენსიური დიალოგი“ ჯერ კიდევ განიხილება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 26 ივლისს ბრიუსელში განაცხადა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის იქნება ნატო მზად საქართველოსთან ინტენსიური დიალოგი დაიწყოს, რადგანაც საკითხი განხილვის პროცესშია.


სხეფერმა ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა, სადაც ნოღაიდელმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.


ნატოსთან ინტენსიური დიალოგი განიხილება როგორც ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში მიწვევის წინაპირობა, რომელიც თავის მხრივ პირდაპირი გზაა ნატოს წევრობისკენ.


ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან ინტენსიური დიალოგი დაიწყება, მაგრამ “ამ დროისათვის ვერ გიპასუხებთ კითხვაზე  – როდის, რადგანაც მოკავშირეები ამ საკითხს ჯერ კიდევ განიხილავენ“.


მისი თქმით, საკითხი ნატოს მინისტერიალის შეხვედრის დღის წესრიგში შევა, რომელიც ნიუ-იორკში სექტემბერშია დაგეგმილი. ეს საკითხი ასევე განიხილება ნოემბერში რიგაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე.


“ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას ნატოში ინტეგრაციის პროცესში და დაიწყოს ინტენსიური დიალოგი“, – განაცხადა  პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა. 


25 ივლისს ბრიუსელში გამგზავრებამდე ნოღაიდელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ვიზიტის მიზანია ნატოსთან ინტერნსიურ დიალოგზე გადასვლა“.


სხეფერმა აღნიშნა, რომ საქართველომ “მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია რეფორმების განხორციელებისას ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. 


მისი თქმით, “არსებობს მხარდაჭერის დიდი ხარისხი, მყარი მხარდაჭერა, ძლიერი მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი“.  


“მოკავშირეები, რა თქმა უნდა, აღიარებენ საქართველოს ამბიციებს ნატოსთან მიმართებაში და თვალყურს ადევნებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ინსტიტუტებში, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის პროცესი [რეფორმების] შესრულებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ.


პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის “საგარეო პოლიტიკის ნომერ პირველი მიზანი ნატოში უახლოეს მომავალში ინტეგრაციაა“.


“და ამიტომაც ვართ ასე ხშირად აქ [ბრიუსელში]. იმედი გვაქვს, რომ ჯერ თავი არ მოგაბეზრეთ“, – დასძინა ნოღაიდელმა.


სხდომის შემდეგ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან აცნობა საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე რეფორმების თაობაზე, ასევე “ძალიან ამბიციური“ სასამართლო რეფორმის შესახებ, “რის განხორციელებასაც ხუთი წელი დასჭირდება“. ნოღაიდელის თქმით, სხდომაზე ასევე განიხილეს თავდაცვის და ეკონომიკური რეფორმები.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოზიცია სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button