ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში დღეს დილით აფეთქების შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოთხი ადამიანი დაშავდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


სამხრეთ ოსური მხარის განცხადებით, “ტერაქტი“ მიმართული იყო ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ერთ–ერთი გამოჩენილი დამცველის ბალა ბესტაუტის წინააღმდეგ, რომლის საცხოვრებელ სახლთანაც მოვიდა მოქმედებაში ხეზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. ბესტაუტი თვითგამოცხადებული რეგიონის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურია.


“ეჭვს არ იწვევს, რომ რიგით მეორე ტერორიტული აქტი, საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორის ერთ–ერთი რგოლია. ასაფეთქებელი მოწყობილობა  და ტერაქტის ხელწერა იდენტურია სამხრეთ ოსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ოლეგ ალბოროვის წინააღმდეგ განხორციელებული აფეთქების“, – აცხადებს ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ ცხინვალში მომხდარი ტერორისტული აქტები სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, “რომელიც ისედაც ძალიან დაძაბულია”.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ბალა ბესტაუტი სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირების იმ შავ სიაში შედიოდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა. ამ სიაში ასევე შედიოდა ოლეგ ალბოროვიც.


სამხრეთ ოსეთის მხარემ ორივე აფეთქებაში თბილისი დაადანაშაულა. თუმცა, ოფიციალურია თბილისი კატეგორიულად უარყობს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავებაში. სანაცვლოდ, ქართულმა მხარემ ცხინვალში მომხდარ ტერორისტულ აქტებში რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button