skip to content
ახალი ამბები

ბაღაფშს რკინიგზის შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლისკენ მოუწოდებენ

7 ივლისს საზოგადოებრივმა მოძრაობა “აიდგილარამ“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს მიმართა თხოვნით დეზავუირება მოახდინოს შავი ზღვის რკინიგზის  საერთაშორისო კონსორციუმის შესახებ  3–4 მაისს ხელმოწერილი პროტოკოლის, რაც თვითგამოცხადებული რეგიონის “კონსტიტუციასა და ინტერესებს ეწინააღმდეგება“, იუწყება “აფსნიპრესი“. 


კონსორციუმის შექმნა მიზნად ისახავს აფხაზეთის გამჭოლი რკინიგზის გახსნას,  რომელიც სომხეთს საქართველოს გავლით რუსეთთან დააკავშირებს.


კონსორციუმის შექმნის თაობაზე “პრინციპულ“ შეთანხმებას, “აიდგილარას“ ინფორმაციით, რუსეთის, საქართველოს და სომხეთის მხარეებმა 19 იანვარს აფხაზური მხარის გარეშე მიაღწიეს, ხოლო მაისში ხელმოწერილ პროტოკოლს აფხაზეთი სრულუფლებიანი მხარის სტატუსით არ აწერს ხელს.


ამის შესახებ 3 ივლისს ეჭვი გამოთქვეს აფხაზეთის რიგმა საზოგადოებრივ–პოლიტიკურმა მოძრაობებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა და განაცხადეს, რომ შეთანხმება რკინიგზის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის თაობაზე საფრთხეს უქმნის აფხაზეთის ე.წ სუვერენიტეტს.


თუმცა 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში დე ფაქტო მთავრობამ სცადა ოპონენტების დარწმუნება, რომ ხელი არ მოუწერია იურიდიულად სავალდებულო რაიმე სახის დოკუმენტისათვის და არ აპირებს აფხაზეთის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას. დე ფაქტო მთავრობამ ოპოზიციის ბრალდებებს “უსაფუძვლო“ უწოდა.


“იმის მაგივრად, რომ მოესმინა მოქალაქეების აზრი და გაეაზრებინა ამ არცთუ მარტივი პრობლემის ყველა დეტალი და ნიუანსი, ქვეყნის ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ დაიწყო საზოგადოებრივი გაერთიანებების, პარტიების, საინფორმაციო საშუალებებისა და  დეპუტატების დადანაშაულება მოსახლეობის გამიზნულ დეზინფორმირებაში“, – ნათქვამია “აიდგილარას“ განცხადებაში.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button