skip to content
ახალი ამბები

აშშ-საელჩო უარყოფს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს

აშშ-ს საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და უარყო ცხინვალის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის ზონაში 9 ივნისს განხორციელებულ პოლიციის ოპერაციაში ამერიკელი ინსტრუქტორები მონაწილეობდნენ.


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა 17 ივნისს თავის ვებ-გვერდზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც აცხადებდა, რომ სოფელ ავნევში 9 ივნისს განხორციელებულ პოლიციის ოპერაციაში, რომლის დროსაც ყალბი დოლარების გავრცელების ბრალდებით ეთნიკური ოსი იქნა დაპატიმრებული, “ამერიკელი ინსტრუქტორები“ მონაწილეობდნენ.


“2006 წლის 17 ივნისს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ აშშ-ს ელჩი ესწრება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს, ხოლო 2006 წლის 9 ივნისს სამხრეთ ოსეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ აშშ-ს ინსტრუქტორები, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – აცხადებს აშშ-ს საელჩო.


“აშშ-ს არ ჰყავს ინსქტრუქტორები ან კონსულტანტები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტურ ზონებში დაძაბულობის ესკალაციას. აშშ მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში“, –  დასძენს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button