ახალი ამბები

ენერგოობიექტების მფლობელები ჩეხური და ქართული კომპანიები ხდებიან

ჩეხურმა კომპანია Energy-Pro-მ ორი სადისტრიბუციო კომპანია და ექვსი ჰიდროელექტროსადგური შეისყიდა, ხოლო ქართული კომპანია TBC-Group-ი ერთი სადისტრიბუციო კომპანიის მფლობელი გახდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარიგების საერთო ღირებულება 317 450 000 აშშ დოლარს შეადგენს.


ჩეხურმა კომპანიამ შეისყიდა გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია და აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, ასევე ექვსი ჰესი: ძევრულჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესი, შაორჰესი, რიონჰესი და აწჰესი. ამ გარიგების საერთო ღირებულებამ 312 მილიონ 350 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.


TBC Energy-მ, რომელიც ქართული კომპანია TBC Group-ს წარმოადგენს, 5,1 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში.


სულ გასაყიდად სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანია და ექვსი ჰესი იყო გამოტანილი.


ენერგოობიექტების პრივატიზაციაზე გამოცხადებულ ტენდერში რვა კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის რუსული კომპანია “რაო ეესი“, რომელიც ორ ჰიდროელექტროსადგურზე აცხადებდა პრეტენზიას:  “აწჰესზე“ და “ძევრულჰესზე” – 4 მლნ 500 ათასი აშშ დოლარი და 20 მლნ შესაბამისად. რუსულმა კომპანიამ ასევე წარადგინა განაცხადი აჭარის სადისტრიბუციო კომპანიაზე და ამ ობიექტისთვის 6 მილიონ აშშ დოლარს იხდიდა.  


რუსული კომპანიის წარუმატებლობა მოულოდნელი იყო, რადგანაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკომპანია “იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “რაო ეესმა“ რამდენიმე ენერგოობიექტი ჩაიგდო ხელში, ხოლო დანარჩენები დასავლურმა და ქართულმა კომპანიებმა შეისყიდეს. სააკაშვილის ეს განცხადება ორი დღით უსწრებდა ოფიციალური შედეგების გამოცხადებას. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button