ახალი ამბები

მერაბიშვილი დეპუტატზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ კომენტარს აკეთებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 17 ივნისს განაცხადა, რომ მისი მოადგილე ამირან მესხელი შეხვდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელს საქართველოში და გადასცა ოპოზიციონერ დეპუტატზე კობა დავითაშვილზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ არსებული მასალები და მტკიცებულებები.


საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 17 ივნისს განაცხადეს, რომ დავითაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა მიზნად ისახავდა “საქართველოს პრეზიდენტის და ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას“.


შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი გიორგი კურტაევი, რომელიც თბილისში კონსერვატორების ლიდერის მოკვლის მიზნით ჩამოვიდა, ამჟამად რუსეთში იმყოფება.


“მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან და განვახორციელოთ ძალიან გამჭვირვალე გამოძიება“, – განაცხადა მერაბიშვილმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ თბილისმა გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც სთხოვა გამოძიებაში დახმარება.


მერაბიშვილის თქმით, ეჭვმიტანილი თბილისში 18 მაისს ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა ცხინვალის გავლით და რამდენიმე დღეში იმავე მარშრუტით უკან დაბრუნდა.


მერაბიშვილმა განაცხადა, რომ კურტაევი თბილისში 28 მაისს დაბრუნდა და დავითაშვილის თვალთვალი დაიწყო.


მან ასევე აღნიშნა, რომ კურტაევი, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა და ვლადიკავკაზში ცხოვრობს, საქართველოში დაიბადა და 16 წელი რუსთავში ცხოვრობდა.


თბილისში ყოფნის დროს ეჭვმიტანილმა უამრავი სატელეფონო ზარი განახორციელა ვლადიკავკაზში და რუსეთის სხვა ქალაქებში, აღნიშნა მერაბიშვილმა.


“ძნელად წარმოსადგენია, რომ მას რუსეთში მხარდაჭერა არ აქვს“, – დასძინა მან.


გამომძიებლებმა დავითაშვილს დეტალური ინფორმაცია 17 ივნისს მიაწოდეს.


“ეს მიზნად ისახავდა ფართომასშტაბიან პროვოკაციას საქართველოში…ბედნიერი ვარ, რომ გადავრჩი“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს 17 ივნისს.


დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ეჭვი გამოთქვა, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა, რაშიც “ერთი შეხედვით რუსული კვალი ჩანს“. დავითაშვილის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უცნობი ახალგაზრდა კაცი ორი დღის განმავლობაში ტრიალებდა. მას შემდეგ, რაც 7 ივნისს მეზობლებმა სცადეს ამ ადამიანთან გამოლაპარაკება, იგი გაქცევას შეეცადა, თუმცა წაიქცა და ადგომისას ორჯერ ისროლა მაყუჩიანი პისტოლეტიდან.  წაქცევისას მას ნივთების ფუთა დაუვარდა, რომელშიც დავითაშვილის მეზობლებმა ამ უკანასკნელის ფოტო იპოვნეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button