ახალი ამბები

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვა

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ბადრი ნანეტაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 14 ივნისს საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მისი დეპუტატის უფლებამოსილებასთან შეუთავსებელი საქმიანობის შესწავლა დაიწყო, რასაც შესაძლოა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა მოჰყვეს. 


“ვტოვებ დღეიდან ფრაქციას… მე მაქვს პრეზიდენტის იმედი, რომ სიმართლეს გაარკვევს და ველოდები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“, – განუცხადა 15 ივნისს ჟურნალისტებს ბადრი ნანეტაშვილმა.


ნანეტაშვილის საქმის შესწავლის მოთხოვნით პარლამენტს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა იმ ეჭვების საფუძველზე, რომ იგი ეწეოდა სამეწარეო საქმიანობას და მონაწილეობდა შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია “თრიალეთის” და ამავე სახელწოდების გაზეთის მართვაში.


თავის მხრივ ნანეტაშვილმა, რომელიც უარყოფს ამ ბრალდებებს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და მმართველის პარტიის დეპუტატი გიგა ბოკერია ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოქრუაშვილი მას ტელეკომპანიის აქციების გაყიდვას, ხოლო ბოკერია პარლამენტის ნებაყოფლობით დატოვებას აიძულებდა.


თუმცა გიგა ბოკერიამ უარყო ნანეტაშვილზე მისი მხრიდან რაიმე ზეწოლის ფაქტი და განაცხადა, რომ დეპუტატისათვის შეუთავსებელი საქმიანობის გამო პასუხს ნებისმიერი პირი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრიც აგებს.


ნანეტაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. “არა მგონია, რომ მასზე ზეწოლა ყოფილიყო, თუმცა საკითხი მაინც უნდა გაირკვეს“, – განაცხადა მან.


საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა ნანეტაშვილის საკითხის შესწავლა დღეს დაიწყო და “თრიალეთის“ ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები დაკითხა, რომელთა ნაწილიც ადასტურებს ნანეტაშვილის უშუალო მონაწილეობას საინფორმაციო საშუალებების მართვაში, ნაწილი კი კატეგორიულად უარყოფს.


“ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილ წევრს, დეპუტატ ნანეტაშვილს საგამოძიებო ჯგუფი 16 ივნისს დაკითხავს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button