ოთხი ოპოზიციონერი ლიდერი აშშ–ს ელჩს ხვდება
დღეს ოპოზიციური პარტიების – რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტების და კონსერვატორების ლიდერები დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე, შალვა ნათელაშვილი და კობა დავითაშვილი საქართველოში აშშ–ს ელჩს ჯონ ტეფტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ხვდებიან.
ოთხივე ლიდერმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა განაპირობა პრეზიდენტ სააკაშვილის განაცხადებამ, რომ იგი კიდევ დიდხანს არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას.
დავით გამყრელიძის განცხადებით საჭირო გახდა დიპლომატების ინფორმირება იმის თაობაზე, რომ “თურმე არ პირებს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში არჩევნების დანიშვნას და ტყუილად ველოდებით“.
“პრეზიდენტის განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან მან გაურკვეველი ვადით გადადო არჩევნების დანიშვნა, თუმცა მანამდე საუბარი იყო ნოემბერზე. ამას გარდა საარჩევნო კოდექსიც თანდათან უფრო უარესდება“, – აღნიშნა კობა დავითაშვილმა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაგრძელდება შეხვედრები, სადაც ოპოზიცია თავის პოზიციას წარმოადგენს იმის შესახებ, რომ “მოახლოებული არჩევნები ეს არ არის მხოლოდ საკრებულოს არჩევნები, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში და გვინდა, რომ ის ჩატარდეს ცივილიზებული ფორმით“.
ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი კვლავ ბოიკოტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ “ოპოზიციური სპექტრი უკვე შეუდგა ბოიკოტზე წინადადების განხილვას და თუ არ მოხდება ძირითადი პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობა აღნიშნულ არჩევნებში, სააკაშვილის დღეები დამთავრდება“.
იგი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებამ მიიღოს “ნორმალური“ საარჩევნო კოდექსი.
ამჟამად პარლამენტი იხილავს მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებულ ცვილილებებს, რომელიც ხელისუფლების პირველ პირებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს. განხილვები პლენარულ სხდომებზე საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში მიმდინარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)