ახალი ამბები

აფხაზეთის რკინიგზა დეპუტატების ინტერესს იპყრობს

ქართული მხარე აფხაზეთის გავლით რუსეთ–საქართველოს რკინიგზის აღდგენის მიზნით კონსორციუმის შექმნის მექანიზმებზე მუშაობას აგრძელებს და უარყოფს ინფორმაციას, რომ კონსორციუმში, რომელიც სავარაუდოდ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში დარეგისტრირდება,  აფხაზური მხარე სრულუფლებიან წევრად იქნება წარმოდგენილი.

ჯერ–ჯერობით გაურკვეველი რჩება რკინიგზის გახსნის შემთხვევაში დევნილთა დაბრუნებისა და  ქართული საბაჟო პუნქტის განლაგების საკითხებიც.  

„ჯერ გადაწყვეტილი არ არის [კონსორციუმში შემავალი] მხარეეები, რადგან ჩვენ ისევ და ისევ ვმუშაობთ კონსორციუმის შექმნის მექანიზმებზე. როცა ეს მომზადდება,  წარმოდგენილი იქნება საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება [რკინიგზის გახსნის თაობაზე]“, – განუცხადა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ „სივილ ჯორჯიას.“
 
30 მაისს მან საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის  ტერიტორიის გავლით თბილისი–მოსკოვის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. 


საპარლამენტო მოსმენა რკინიგზის ხელმძღვანელის მოთხოვნით ჟურნალისტებისათვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ბევრ მათთვის საინტერესო შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს, იმის გამო რომ ეზუგბაიამ რკინიგზის აღდგენის ტექნიკურ მხარეზე გააკეთა მოხსენება, რადგან პოლიტიკური საკითხები მის კომპეტენციას აღემატება. 
 
საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ სხდომის შედეგებზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „იქმნება იურიდიული აბლაბუდა [კონსორციუმის ირგვლივ], საინადაც გამოსვლის რეალური შანსი აღარ გვექნება“.
 
„კონსორციუმის შექმნის მექანიზმები არ ჩანს,  ჩვენი კონტროლი როგორ განხორციელდება არ ჩანს, ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში კონტროლი როგორ განხორციელდება და ამ თანხების მოზიდვის მიხედვით მოხდება თუ არა წილობრივი გადანაწილება არ ჩანს, რამდენად არის მხარეობა დაცული ესეც არ ჩანს, წილის გაყიდვის უფლება არ ჩანს და ყველა დეპუტატის აზრი არის ასეთი, რომ ეს საკითხი ბოლომდე არ არის გააზრებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს 30 მაისს მალაშხიამ სხდომის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც „არადამაკმაყოფილებლად“ შეაფასა.
 
მან ასევე განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში მოსკოვში გაფორმებული პროტოკოლი გადამწყვეტი იურიდიული ძალის მქონე არ არის, „მაგრამ პროტოკოლის გადასინჯვაც არის საჭირო“.
 
გასული წლის 16 დეკემბერის რუსეთ–საქართველოს სამთავრობათაშორისი კომისიის დასკვნითი ოქმის საფუძველზე, სადაც საუბარია აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციის მიზნით  ერთობლივი კონსორციუმის ჩამოყალიბების თაობაზე,  3–4 მაისს მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები და ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელიც რკინიგზის გახსნის მიზნით საერთაშორისო კონსორციუმის შექმნას ითვალისწინებს. მოსკოვის მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს ირაკლი ეზუგბაია წარმოადგენდა
 
აფხაზური წყაროების ინფორმაციით, პროტოკოლს ოთხმა სრულუფლებიანმა მხარემ  – საქართველომ, რუსეთმა, აფხაზეთმა და სომხეთმა მოაწერეს ხელი.
 
თუმცა ირაკლი ეზუგბაიამ უარყო აფხაზური მხარის, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტის წარმომადგენლობა მოლაპარაკებებზე.
 
„ოთხი მხარე, როგორც ასეთი არ არსებობს. არის ორი მხარე საქართველო და რუსეთი, დანარჩენი ყველა არიან მოწვეულები სამუშაო შეხვედრაზე“, – განმარტა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში ეზუგბაიამ.
 
მისი ინფორმაციით, პროტოკოლში ასახულია შეხვედრის მონაწილეთა შეხედულებები  და „უახლოეს მომავალში რიგ დოკუმენტაციათა გაცვლაზეა საუბარი“.
 
„ჩვენ ჯერ არ შევთანხმებულვართ [კონსორციუმში] პროპორციებზე და ამდენად, გადაწყვეტილება წილობრივი გადანაწილების შესახებ არ მიგვიღია, რადგან ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო [მოსკოვის შეხვედრაზე]“, – განაცხადა ეზუგბაიამ.


მისი თქმით, სავარაუდოდ, კონსორციუმში არა მხარეები, არამედ კერძო კომპანიები იქნებიან წარმოდგენილები, ხოლო კონსორციუმის დაფუძნების ადგილი უნდა იყოს „რომელიმე ევროპული, ნეიტრალური ქვეყანა.“
 
რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის 192 კმ–იანი მონაკვეთის აღდგენას წინასწარი გათვლებით 150–დან 300 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია დასჭირდება, თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია პოტენციური დონორთა ვინაობაც.
 
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის განცხადებით, პრაქტიკულად მთლიანად არის აღსადგენი გალში რკინიგზის მონაკვეთი, ასევე ამორტიზირებულია განთიადი–ინგირის სექტორი.
 
ეზუგბაიამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ რკინიგზის აღდგენის პროცესში მონაწილეობას ის დევნილი მოსახლეობაც მიიღებს, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტამდე ამ სტრუქტურაში მუშაობდა.
 
„სწორად უნდა იქნას აღქმული ყველა ადამიანის მიერ, რომ ვინც იყო დასაქმებული განთიადი–ინგირის მონაკვეთზე, მხოლოდ ამ ხალხმა იცის რეალურად ინფრასტრუქტურა და ამ ხალხმა ბუნებრივად უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველა წარმომადგენლის თანხმობით, რადგან ახალი კადრების მომზადებას ძალიან დიდი დრო და ფინანსები დასჭირდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.


2006 წლის აპრილში აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ 1500 მოქალაქის 75% მიიჩნევს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა საქართველოს ინტერესებში შედის.

მსგავსი/Related

Back to top button