
ცხინვალი მაღალი დონის შეხვედრისაკენ მოუწოდებს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ 29 მაისს საქართველოს, რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერების მაღალი დონის შეხვედრისაკენ მოუწოდა, რომელშიც ასევე მიიღებს მონაწილეობას ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუხტი, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
ცხინვალის განცხადებით, ამ მაღალი დონის შეხვედრაზე ხელი უნდა მოეწეროს ასევე უსაფრთხოების გარანტიებისა და ომის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას.
ქართული მხარე ამ დოკუმენტის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა უსაფრთხოების საკმარისი გარანტიაა.
ცხინვალი ასევე მიესალმა “ეუთოს როლს 27 მაისს ქართველი სამართალდამცავების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობისას უკანონო ქმედებების შემდგომი ესკალაციის შეჩერებაში“, როცა ათობით ოსი მოქალაქე ვიზის არ ქონის მოტივით დააკავეს.
“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე შესაბამისი შეფასება მიეცემა ქართველი სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს“, – ნათქვამია თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.