ახალი ამბები

ქართველ სამართალდამცავებს სამხრეთ ოსეთის ინციდენტში ადანაშაულებენ

კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ და სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 29 მაისს ცხინვალში ვიზიტის დროს აღიარეს, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა დაარღვიეს იმ ათობით ოსი სამოქალაქო პირის უფლებები, რომლებიც 27 მაისს დააკავეს.

40–ზე მეტი ადამიანი დააკავეს კონფლიქტის ზონაში 27 მაისს საქართველოს ვიზის არ ქონის საბაბით. თუმცა, როგორც სამხრეთ ოსური მხარე ირწმუნება, დაკავებულთაგან მხოლოდ ორი იყო ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებელი, ხოლო დანარჩენი 44 კი სამხრეთ ოსეთის მკვიდრი იყო.

სოზარ სუბარმა და გიორგი ხაინდრავამ ცხინვალში მოინახულეს ამ ინციდენტში დაშავებული რამოდენიმე ადამიანი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს, გორის პოლიციაში წაიყვანეს და იქ სცემეს.

“ის, რაც აქამდე მოვისმინე მიუთითებს, რომ ადგილი ქონდა ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევას ქართველი პოლიციელების მხრიდან,“ – განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა.

“ყველა დაზარალებული ვისაც კი ჩვენ ვესაუბრეთ ერთნაირად აღწერს ორ მამაკაცს, რომლებიც მათ აწამებდნენ. ისინი ყვებიან წამების ისეთ მეთოდებზე, რომლებიც მე მეგონა რომ უკვე დავიწყებული იყო საქართველოში,” – განაცხადა სუბარმა.


“სახეზეა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა… ჩვენ ვაშენებთ კანონიერ სახელმწიფოს და კანონს უნდა ექვემდებარებოდეს ყველა, ესენი [ოსი მოსახლეობა] არიან ჩვენი მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონფლიქტში ვიმყოფებით, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.

“ის რაც მოხდა იყო მიმართული დესტაბილიზაციისკენ… ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ,” დასძინა ხაინდრავამ.

თუმცა მან იქვე ისიც განაცხადა, რომ დაზარალებული ოსები მადლობას უხდიან გორის პოლიციის რამოდენიმე თანამშრომელს, რომლებიც მათ განთავისუფლებაში დაეხმარა.

გაურკვეველი რჩება თუ ვინ იყვნენ ის ნიღბიანი შეიარაღებული პირები, რომლებმაც ათობით სამოქალაქო პირი დააკავეს. უცნობია იყვნენ ისინ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

ინციდენტიდან მესამე დღეს ქართველ სამართალდამცავ ორგანიებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ. ასევე უცნობი


სახელმწიფო მინისტრი და სახალხო დამცველი ცხინვალში ასევე შეხვდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მოადგილეს ბორის ჩოჩიევს და შინაგან საქმეთა მინისტრს მიხეილ მინძაევს.


მომხდარმა კიდევ ერთი საბაბი მისცა ცხინვალის ხელისუფლებას, რათა ქართული მხარე პროვოკაციასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში დაედანაშაულებინა.  ბრალდებები კი ძირითადად თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოკრუაშვილის მისამართით გაისმა.


29 მაისს ცხინვალმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართულ მხარეს დაიდოს შეთანხმება ცეცლხლის განუახლებლობის შესახებ – ინიციატივა, რომელიც საქართველოში ეუთო–ს მისიის ხელმძღვანელს როი რივს ეკუთვნის.


ცხინვალმა ასევე მოუწოდა თბილისს გაიმართოს უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შორის, რომელშიც მონაწილეობას ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუხტიც მიიღებს.  სამხრეთ ოსური მხარის მტკიცებით ეს შეხვედრა საჭიროა, რათა ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ.


თუმცა ქართული მხარე წინააღმდეგია აღნიშნული ხელშეკრულების დადების, რადგან თბილისში მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამშვიდობო გეგმა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ თავისთავად წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიას.


ამას გარდა აღსანიშნავია, რომ 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც კონფლიქტის ზონაში მყოფი ეუთო–ს დამკვირვებელთა მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა, მოიწონა ამ ორ ორგანიზაციის როლი 27 მაისის ინციდენტის “შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებაში.“


“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეუთო პრინციპულ შეფასებას მისცემს ქართველი სამართალდამცველების ქმედებებს მუდმივმოქმედი საბჭოს შემდგომ სხდომაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.


ამასობაში, ე.წ სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა 29 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი ქართული სოფლების – კეხვისა და ერედვის – მოსახლეობას შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ ცხინვალი ყველა თავის მოქალაქის უსაფრთხოებაზე იზრუნებს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.

Back to top button