ახალი ამბები

საგარეო უწყება რუსი დეპუტატის აფხაზეთში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხარეს საპროტესტო ნოტით მიმართა, სადაც უკმაყოფილება გამოთქვა 16-17 მაისს რუსეთის ფედერაციის საბჭოს უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ ოზეროვისა და მისი თანმხლები  დელეგაციის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი ვიზიტის გამო აფხაზეთში.


აფხაზური საინფორმაციო წყაროების ცნობით, ოზეროვმა, რომელმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა, განაცხადა, რომ საქართველოს შესაძლო გამოსვლა დსთ–დან არ ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია აფხაზეთმაც უნდა დატოვოს.


თბილისმა ასევე მოსთხოვა განმარტებები მოსკოვს რუსეთის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლის ამ განცხადებების გამო, რაც “კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესის ხელის შეშლის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს“, – ნათქვამია საგარეო უწყების 22 მაისის განცხადებაში.

Back to top button