ახალი ამბები

ალასანია: ქართული-აფხაზური მოლაპარაკებები “ნაყოფიერია“

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანიამ 15 მაისს განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები “ნაყოფიერია“.


“აფხაზურმა მხარემ წარმოადგინა დოკუმენტი კონფლიქტის მოგვარების თაობაზე და ჩვენ პირობა მივეცით, რომ განვიხილავთ მას. ჩვენ აფხაზურ მხარეს ჩვენს სამშვიდობო გეგმას გადავცემთ [გაეროს გენერალური მდივნის] მეგობარი ქვეყნების შეხვედრაზე, რომლებიც თბილისში 22 მაისს ჩამოვლენ. შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს, რათა შევაჯეროთ ეს ორი დოკუმენტი“, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს 15 მაისს.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა თბილისში 15 მაისს ჩამოვიდა. იგი მონაწილეობს ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში, რომელიც გაეროს პატრონაჟით იმართება, ასევე მონაწილეობენ გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფისა და ეუთოს წარმომადგენლები.


ქართულ მხარეს მოლაპარაკებებზე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა წარმოადგენს.


ირაკლი ალასანიამ, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობს, განაცხადა, რომ ამჟამად ქართული-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგი და გეგმები განიხილება.


თბილისი და სოხუმი სააკოორდინაციო საბჭოს აღდგენაზე, რომელიც უკანასკნელად 2001 წლის იანვარში შეიკრიბა, სერგეი შამბასა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ირაკლი ალასანიას შორის სოხუმში მარტში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button