ახალი ამბები

თბილისი რუსი სამშვიდობოების კრიტიკას აგრძელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ 3 მაისს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ადგილი ჰქონდა მორიგ დანაშაულებრივ ქმედებას კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მხრიდან.


საგარეო უწყების ინფორმაციით,  3 მაისს გამთენიისას გალში განლაგებული სამშვიდობო დანაყოფის 4-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი არაფხიზელ მდგომარეობაში ძალით შეიჭრა ადგილობრივი ქართველი მაცხოვრებლების სახლებში, ალკოჰოლური სასმელის მოთხოვნის მიზნით. “მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებს და ატეხეს უმისამართო სროლა“, რის შედეგადაც დაიჭრა 17 წლის ბიჭი.


“რუსი მშვიდობისმყოფელები არათუ არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს კონფლიქტის ზონაში სტაბილურობისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის საქმეში, არამედ თავად ახორციელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს და რეალურ საფრთხეს უქმნიან მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button