
კიევში სუამის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა
25-26 აპრილს კიევში სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს 23 მაისისათვის კიევში დაგეგმილი სუამ-ის სახელმწიფოთა ხელმძღვანელების სამიტისათვის მზადების საკითხი.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტმა აგრეთვე განიხილა და შეაჯერა სუამ-ის სრულყოფილ საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაქმნისათვის აუცილებელი ფუძემდებლური დოკუმენტების პროექტები, მათ შორის, ორგანიზაციის წესდება და დებულება სამდივნოს შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს და შეათანხმეს კიევის დეკლარაციის პროექტი – “საერთაშორისო დემოკრატიისა და განვითარებისათვის – სუამის შექმნის შესახებ“.
მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება 10-11 მაისს კიევში ეკონომიკის, ენერგეტიკის, საბაჟოსა და ტრანსპორტის დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ერთობლივი სხდომების ჩატარების შესახებ.
სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის მორიგი სხდომა კი 20 მაისს კვლავ კიევში გაიმართება.