ახალი ამბები

ამერიკელი სენატორი საქართველოს შესახებ საუბრობს

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიმართ და მოუწოდა “დიდი რვიანის“ ქვეყნებს “გაყინული კონფლიქტების“ საკითხი ივლისში სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ სამიტზე განიხილონ.


ამერიკელმა სენატორმა ეს განცხადება 29 აპრილს ბრიუსელის ფორუმზე “ტრანსატლანტიკური გამოწვევები გლობალურ ეპოქაში“ გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


“ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვი საკმაოდ შემაშფოთებელ საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს და ეს ტენდენცია უარესდება. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთმა თავისი ბუნებრივი გაზის რესურსები დემოკრატიული უკრაინის დასასჯელად გამოიყენა შუა ზამთარში, აკრძალა ღვინის იმპორტი მოლდოვადან და საქართველოდან“, – განაცხადა სენატორმა.


“მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს და მოლდოვას “გაყინული კონფლიქტები“ [დიდი რვიანის სამიტის] დღის წესრიგში შევა. ჩვენ კრისტალურად სუფთა უნდა ვიყოთ: ეს კონფლიქტები გრძელდება რუსეთის პოლიტიკის და რუსეთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერის გამო“, – დასძინა მან.


მისი თქმით, ნატომ უნდა დაამტკიცოს წევრობის სამოქმედო გეგმა უკრაინისა და საქართველოსთვის “რა შეიძლება სწრაფად“.


“საქართველომ განახორციელა გრძელვადიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმები და წარმოადგინა სასიცოცხლო სამშვიდობო გეგმა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.


მოგვიანებით იმავე დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მაკკეინმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს იმაში, თუ რატომ აკრძალა რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი.


“იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეაფასებს ქართული ღვინის ხარისხს, რომელსაც მრავალი საუკუნეების მანძილზე მოსწონდათ და ჩვენ შევეცდებით დავეხმაროთ [საქართველოს] ამერიკის შეერთებულ შტატებში [ღვინის] ექსპორტის საქმეში. მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ მოიქცნენ რუსები ასე, მაგრამ მე ვერ გავაკრიტიკებ. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად“, – განაცხადა მაკკეინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button