ახალი ამბები

ნოღაიდელი პრემიერ–მინისტრად ოქრუაშვილის შესაძლო დანიშვნას უსაფუძვლოს უწოდებს

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი “უსაფუძვლოს“ უწოდებს მის სავარაუდო შემცვლელად ოპოზიციის მიერ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დასახელებას.


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პეკინიდან ოქრუაშვილს ქართული ღვინის ბაზრების გაფართოება დაავალა, ოპოზიციამ გამოთქვა ვარაუდი, რომ პრეზიდენტის შემდგომი ნაბიჯი ოქრუაშვილის პრემიერ–მინისტრად დანიშვნა იქნება.


“ეს არის მნიშვნელოვანი დავალება პრეზიდენტის მხრიდან და დარწმუნებული ვარ ირაკლი ოქრუაშვილის თავს გაართმევს“, – განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და აქვე დასძინა, რომ იგი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების თაობაზე წინასწარ, მიხეილ სააკაშვილის ჩინეთში გამგზავრებამდე იყო ინფორმირებული.  


დღესვე ოქრუაშვილის შესაძლო გაპრემიერებას გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და ოპოზიციის ამ მოსაზრებას “არასერიოზული“ უწოდა. 


“ეს არ არის [ღვინის ექსპორტის აკრძალვა] ეკონომიკური, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი… ამიტომ ერთიანი მუშაობით უნდა მოხდეს დაპირისპირება ამ ბლოკადის წინააღმდეგ. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მე ვერ ვხვდები, რატომ დაიწყო სპეკულაცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.


მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე წლის წინ საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო. ასევე „კარგი ორგანიზატორი,  კარგი მენეჯერია და ადვილად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“, – დასძენს ბოკერია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button