
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთის სათათბიროს მიმართავს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი 16 თებერვალს გაგზავნილ მიმართვაში რუსეთის სათათბიროს მოუწოდებს, რომ რუსმა სამშვიდობოებმა გააგრძელონ სამშვიდობო ოპერაციის განხორციელება ცხინვალის რეგიონში, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
“სამხრეთ ოსეთის პარლამენტი თვლის, რომ სამშვიდობო ოპერაცია უნიკალურია და არ საჭიროებს კორექტირებას… სამხრეთ ოსეთში მცხოვრებნი მიმართავენ რუსეთის სათათბიროს ყურადღება მიაქციოს სამხრეთ ოსეთის პოზიციას გაგრძელდეს რუსი სამშვიდობოების კეთილშობილური მისია მშვიდობისა და ხალხის უსაფრთხოების მიზნით“, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვაში.
ოსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტის 15 თებევრლის დადგენილებას კონფლიქტის ზონაში “რუსი სამშვიდობოების საერთაშორისო კონტიგენტით ჩანაცვლების“ მცდელობად აფასებენ, რომელიც “ხელსაყრელია მათთვის [თბილისისთვის] და რომელთა დახმარებითაც სურთ სამხრეთ ოსეთის დაპყრობის თავიანთი აგრესიული ჩანაფიქრის განხორციელება“.
17 თებერვალს რუსეთის სათათბირო საქართველოს 15 თებერვლის დადგენილების საპასუხო განცხადების მიღებას გეგმავს.