ახალი ამბები

რუსი დეპუტატები ცხინვალში გაემგზავრებიან

რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მიხეილ ბაბიჩის განცხადებით, რომელიც საქართველოს რუსი დეპუტატების დელეგაციასთან ერთად სტუმრობს, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა კოლეგებმა გააცნეს ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ეფექტურობის გაზრდის შესახებ წინადადებები.


“ჩვენთვის გადმოცემული წინადადებები ეფუძნება ბოლო ორი წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების ანალიზს“, – იუწყება “რია ნოვოსტი“ ბაბიჩის სიტყვებზე დაყრდნობით.


14 თებერვალს რუსეთის სათათბიროს დელეგაციას შეხვდნენ თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე.


რუსი დეპუტატები შეისწავლიან ამ წინადადებებს, განიხილავენ ასევე შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობასთან და წარუდგენენ რუსეთის ხელმძღვანელობას “იმისთვის, რომ შევიმუშავოთ ქართველ კოლეგებთან ურთიერთქმედების ერთობლივი გეგმა“, – აცხადებს ბაბიჩი.


რუს დეპუტატთა დელეგაცია დღეს ცხინვალს ეწვევა. “ჩვენი მიზანია მოვუსმინოთ მეორე მხარესაც და ადგილზე გავეცნოთ რუსეთის სამშვიდობოების საქმიანობის პირობებსა და შედეგებს“, – განაცხადა ბაბიჩმა.

მსგავსი/Related

Back to top button