ახალი ამბები

მოსკოვი საზენიტო იარაღზე კონტროლის სფეროში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 თებერვალს იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად ხელით გადასატანი საზენიტო კომპლექსის “იგლას“ აღმოჩენა უბიძგებს თბილისს უფრო ახლო თანამშრომლობა დაამყაროს პარტნიორებთან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან ხელით გადასატანი საზენიტო სისტემების კონტროლის და გაუვრცელებლობის სფეროში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეცსამსახურმა 2 თებერვალს ქარელის რაიონში ხელით გადასატანი რუსული წარმოების  საზენიტო კომპლექსი ე.წ. “იგლა“ აღმოაჩინა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იარაღი პრეზიდენტ სააკაშვილის ვერტმფრენის ჩამოსაგდებად იყო გათვალისწინებული.


“ჩვენ რამდენჯერმე შევთავაზეთ საქართველოს ეთანამშრომლა ჩვენთან ხელით გადასატანი საზენიტო სისტემების უკანონო გადატანის სფეროში დსთ-ს სივრცეში. სამწუხაროდ, ჩვენს წინადადებებს [ქართული მხარის] დაინტერესება არ მოჰყვა. კერძოდ, ქართულ მხარეს ჯერ არ განუხორციელებია რაიმე ღონისძიებები დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს მიერ 2003 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების განხორციელების თაობაზე, რაც ითვალისწინებს ხელით გადასანატი საზენიტო სისტემების “იგლას“ და “სტრელას“ კონტროლს. თბილისმა არც დსთ-ს ფარგლებში საზენიტო სისტემის შესყიდვასა და გაყიდვაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოახდინა რეაგირება“, – იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება. 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ თბილისმა შარშან არ გააგზავნა თავისი წარმომადგენლები დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ექსპერტების შეხვედრაზე, სადაც საზენიტო სისტემების კონტროლი და გაუვრცელებლობა იხილებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button