ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“ ბენდუქიძეს უნდობლობას უცხადებს
პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უნდობლობა გამოუცხადეს ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს.
ფრაქციის თავმჯდომარის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კახა ბენდუქიძე მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებას ლობირებს, ხოლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან ასეთი ქმედება „შეუთავსებელია იმ კურსთან რასაც ჰქვია ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.
„ამ ფონზე ჩვენ მოვითხოვთ და ჩვენი ფრაქცია აყენებს საკითხს კახა ბენდუქიძისადმი უნდობლობის გამოცხადების შესახებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„ეს არის ზღვარსგადასული რუსული აგრესია საქართველოს ხელისუფლების შიგნიდან. ასე რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ის არ იყოს ბრალდებული. სააკაშვილის ადამინისტრიცია უნდა განთავისუფლდეს ბენდუქიძის მაგვარი მეხუთე კოლონებისაგან“, – განაცხადა ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
„მე არაერთხელ გამომითქვამს პირადად ჩემი პოზიცია, ზუსტად ვიცი საქართველოს პრეზიდნეტის პოზიცია გაზსადენის პრივატიზაციასთან დაკავშირებით და ნამდვილად არ აპირებს საქართველო სტრატეგიული ობიექტი კვლავ ჩვენ ჩრდილოელ მეგობრებს ჩაუგდოს ხელში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
სახელმწიფო მინსიტრმა კახა ბენდუქიძემ „სასაცილო“ უწოდა „დემოკრატიული ფრონტის“ ამ განცხადებას და განაცხადა, რომ მზად არის პირისპირ შეხვედრისას პასუხი გასცეს მათ.
„ასეთი მყვირალობანას თამაში, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან, საქართველოსთვის დახმარება კი არა მტრობაა“ , – განუცხადა ჟურნალისტებს კახა ბენდუქიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)