
გონიოს პოლიგონზე ქართველ და რუს სამხედროებს შორის ინციდენტი ამოწურულია
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, გონიოს სამხედრო პოლიგონზე ქართველ და რუს სამხედროებს შორის 20 იანვარს მომხდარი ინციდენტი ამ დროისთვის აღმოფხვრილია.
20 იანვარს ქართველი სამხედროები გონიოს პოლიგონზე სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებდნენ, თუმცა იქ მყოფმა რუსმა სამხედროებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და პოლიგონის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ამ ინციდენტის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ რუსი სამხედროები, რის გამოც გაურკვეველი რჩება ქართველი სამხედროების პოლიგონზე არ დაშვების მიზეზი.
ამჟამად გონიოს პოლიგონზე რუსი სამხედროების მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი.
გონიოს სამხედრო პოლიგონი, სადაც წლების განმავლობაში რუსული სამხედრო ნაწილები იყვნენ განლაგებული, ქართულ მხარეს გასული წლის სექტემბერში გადმოეცა 30 მაისს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ რუსული ბაზების გაყვანისა და რუსეთის კუთვნილი სამხედრო ობიექტების საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.