skip to content
ახალი ამბები

დეპუტატებმა უმრავლესობიდან სამშვიდობოები და შსკ გააკრიტიკეს

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წამყვანმა დეპუტატებმა გივი თარგამაძემ, კოტე გაბაშვილმა, გიგა ბოკერიამ და ნიკა რურუამ გააკრიტიკეს საქართველოს კონფლიქტის ზონებში მოქმედი რუსული სამშვიდობო ოპერაციები და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისია (შსკ), მათი არაეფექტურობის გამო.


დეპუტატების განცხადებით, 11 ოქტომბრის დადგენილების შესაბამისად, უახლოეს სამ კვირაში პარლამენტი მოისმენს მთავრობის ანგარიშს სამშვიდობოების მიერ ცხინვალის რეგიონში მანდატით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების თაობაზე. პროგრესის უქონლობის შემთხვევაში პარლამენტი 15 თებერვლიდან სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვს.


“თუმცა იმედი არ გვაქვს, რომ ეს სამი კვირა კატეგორიულად რამე სიახლეს შეიტანს ამდენი ხნის განმავლობაში ჩაშლილ მუშაობაში“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  კოტე გაბაშვილმა. 


“რუსეთის პოლიტიკური პოზიცია კონფლიქტებთან დაკავშირებით არის არა მშვიდობისმყოფელის, არამედ აგრესორის, რომელიც ამ კონფლიქტებს იყენებს პოლიტიკური ზეწოლისთვის და საკუთარი სტრატეგიული ინტერესების განხორციელებისათვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


დეპუტატებმა გააკრიტიკეს ცხინვალის რეგიონში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის განცხადება რუსული სამშვიდობო ბატალიონის შესაძლო გაზრდის შესახებ, ცხინვალის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ანატოლი ბარანკევიჩის განცხადება, რომ იგი ჩამოაგდებს ცხინვალის რეგიონის საჰაერო სივრცეში მფრინავ ობიექტებს, კონფლიქტის ზონაში საზენიტო დანადგარის “ზუ – 23-2“–ის არსებობის ფაქტი, ასევე ე.წ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს ხელისუფლების მაღალ თანამდებობის პირებზე გამოცხადებული ძებნა, შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის ხელმძღვანელის პაატა ბედიანაშვილის კონფლიქტის ზონაში არ დაშვება.


“ამ ფონზე და ყველა ნახსენები ფაქტის გათვალისწინებით, არა მგონია, რომ გაჭირდეს იმ დასკვნის გაკეთება, რომ სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად ერთადერთი გზა არის ე.წ სამშვიდობო ძალების მხრიდან საქართველოს დატოვება… მათ გარეშე სამშვიდობო პროცესს ექნება გაცილებით მეტი შანსი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თბილისის სამშვიდობო გეგმა გამოქვეყნდა, არანაირი ძვრა წინ პოლიტიკური მოგვარებისაკენ არ არის. “პირიქით ყველაფერი მიდის საწინააღმდეგო მიმართულებით“, – დასძენს ბოკერია.


კოტე გაბაშვილის განცხადებით, სერიოზული მუშაობა მიდის სამშვიდობო პროცესის ახალი ფორმატების მოძიების მიზნით.


“შერეული საკონტროლო კომისია სრულიად უუნაროა. როგორც კი შსკ რაღაც გადაწყვეტილებამდე მისვლას დააპირებს მაშინვე ერევიან ძალები, რომლებიც მისი მუშაობის დესტაბილიზებას, შეჩერებას ითხოვენ. ბუნებრივია, რომ ეს ფორმატი უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა გაბაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button