ახალი ამბები

ცხინვალი თბილისს “საინფორმაციო ომის“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 14 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს სპეცსამსახურების მიერ წარმოებული “ბინძური საინფორმაციო კამპანია“, რომელიც “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“ ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს არ სურს “კონფლიქტის მოგვარებაზე კონსტრუქციული დიალოგი გამართოს“. ცხინვალი ქართულ მხარეს “სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს 2006 წლის ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე“.


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობის პრესსამსახურის მიერ 14 იანვარს გავრცელებული განცხადება ხაზს უსვამს, რომ ტელეკომპანია “ალანია“ “შავ PR–კამპანიაშია ჩართული“ სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ.


ტელეკომპანია “ალანიამ“ სამხრეთ ოსეთში მაუწყებლობა 2005 წლის ნოემბერში დაიწყო. ტელეკომპანია რუსულ ენაზე მაუწყებლობს. “ალანიას“ პროდუქცია ძირითადად ფილმებს და მუსიკალურ ვიდეო რგოლებს შეადგენს, თუმცა არის საინფორმაციო პროგრამებიც საქართველოში ხელოვნებისა და კულტურის შესახებ. პოლიტიკური ინფორმაციებს ტელეკომპანია არ ავრცელებს.


კვირაში ერთხელ ტელეკომპანია უშვებს ანიმაციურ ფილმს, რომელიც ქართველი და ოსი პოლიტიკოსების პაროდიაა. ფილმში ნაჩვენებია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბორის ჩოჩიევი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, ასევე სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.


ტელევიზიის ფინანსური წყარო საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიას ოფიციალური თბილისი უჭერს მხარს.


რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიის მაუწყებლობა ცხინვალში ჩაახშვეს, რასაც წინ უძღოდა ტელევიზიის მიერ განცხადება იმის თაობაზე, რომ ის 11 იანვარს კომპრომატული მასალის გაშვებას გეგმავდა სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირების, კერძოდ ედუარდ კოკოითის შესახებ.


“[საქართველოს ხელისუფლების მიერ] სამხრეთ ოსეთის შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმეებში მუდმივი ჩარევის ფონზე, რაც სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას და საზოგადოების გახლეჩას ისახავს მიზნად, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება იტოვებს უფლებას გამოაქვეყნოს კორუფციის, ამორალური საქციელის და კრიმინალის შემთხვევები, რასაც “ვარდების რევოლუციონერებს“ შორის ჰქონდა ადგილი… იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება საინფორმაციო ომი [სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ]“, – ნათქვამია განცხადებაში.


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ასევე განაცხადა, რომ მას შეუძლია შეწყვიტოს ყველა ქართული ტელევიზიის მაუწყებლობა თვითგამოცხადებული რეგიონის ტერიტორიაზე და ასევე აღკვეთოს ქართული გაზეთების გავრცელება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button