ახალი ამბები

ხელისუფლებას საია–ზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ ანა დოლიძენ განაცხადა, რომ ორგანიზაციის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი თავდასხმები ხელისუფლების დადგმულია, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციის ხელში ჩაგდებას, რათა ბოლო მოეღოს ორგანიზაციის მხრიდან ქვეყანაში არსებული კანონის უზენაესობის პრობლემების წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკას. 


“ნათელია, რომ ხელისუფლებას ორგანიზაციის გაკონტროლება სურს. ეს პირველად არ ხდება. ანალოგიური მცდელობები წინა წლებშიც განხორციელდა [ექს-პრეზიდენტ] შევარდნაძის ადმინისტრაციის მიერ“, – განაცხადა ანა დოლიძემ 10 იანვარს.


ანა დოლიძე, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ტელეკომპანია “იმედს“ ტელეფონით მას შემდეგ ესაუბრა,  რაც რამოდენიმე მაღალჩინოსანმა, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ორგანიზაციის ახლანდელ ხელმძღვანელობას პოლიტიკურად მოტივირებული და “ახალგაზრდა რესპუბლიკელები“ უწოდა. “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი დიდი ხნის მანძილზე საიას თავმჯდომარე იყო პოლიტიკაში წასვლამდე.


თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებამდე საია–ს წევრების ერთმა ჯგუფმა 9 იანვარს ორგანიზაციაში რეფორმები და თავმჯდომარის ანა დოლიძის გადაყენება მოითხოვა.  ორგანიზაციის საქმიანობით უკმაყოფილოთა შორის იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გია გეწაძე და დეპუტატი პაატა ლეჟავა “ნაციონალური მოძრაობიდან“.


საიას ხელმძღვანელობა უარყოფს “შიდა დაპირისპირებას“ და ორგანიზაციის ოპონენტებს “მთავრობის მიერ კონტროლირებად“ პირებს უწოდებს, რომელთაც ორგანიზაციასთან კავშირი წლების წინ გაწყვიტეს.


გასულ წელს საია აქტიურ მონაწილეობას იღებდა მთავრობის საქმიანობის მონიტორინგში. ორგანიზაცია პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების უკანონო ხარჯვის ფაქტებზეც საუბრობდა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button