ახალი ამბები

ხაინდრავა სამშვიდობო ძალებს უმოქმედობაში ადანაშაულებს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეებისა და ეუთოსადმი 4 იანვარს გაგზავნილ წერილში პროტესტი გამოთქვა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობო ძალების უმოქმედობის გამო, რასაც ისინი დემილიტარიზაციის პროცესის მიმართ იჩენენ.


 


წერილში აღნიშნულია დემილიტარიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობა და ამ მიზნით, სამშვიდობოების მიერ მანდატის შესრულების “გარდუვალი” აუცილებლობა.


 


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს ჩატარებული ერთობლივი მონიტორინგის შედეგად ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოვლინდა სალიკვიდაციო სამხედრო ნაგებობები.


 


თუმცა ამავე ინფორმაციის თანახმად,  5 იანვარს სამშვიდობო ძალების შტაბის გაერთიანებულ შეხვედრაზე რუსეთის ბატალიონის შტაბის უფროსმა  განაცხადა, რომ  წამოწყებული საქმიანობა შეჩერებული იქნება იმ მოტივით, რომ “სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] თავდაცვის სამინისტრო არ იძლევა ერთობლივი პატრულის უსაფრთხოების გარანტიას სამუშაოს დასასრულებლად იმ ობიექტებზე, რომელიც მოცემულია ქართულ და ოსური მხარეების მიერ წარმოდგენილ [დემილიტარიზაციას დაქვემდებარებული ობიექტების] სიაში“.


 


აღნიშნული განცხადება ლოგიკურ კითხვას ბადებს სამშვიდობო ძალების მიერ მანდატის შესრულების შესაძლებლობასა და სურვილთან დაკავშირებით. გამოდის, რომ რეგიონში არსებული ერთადერთი კანონიერი სამხედროი ძალა [სამშვიდობოები] მონიტორინგის ჩასატარებლად გარეშე ძალების დახმარებას უნდა დაეყრდნოს“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსხურის 5 იანვრის განცხადებაში.


 


სახელმწიფო მინისტრი რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებას რეგიონში დაძაბულობის ესკალაციად და კონფროტაციის გაღრმავებად მიიჩნევს. იგი ეუთოს და სხვა დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს არ დაუშვან სამშვიდობო გეგმის რეალიზაციის ჩაშლა, რომლის პირველი ეტაპია დემილიტარიზაციის პროცესი.


 


სახელმწიფო მინისტრი მოითხოვს, რომ შსკ–ს მომდევნო სხდომაზე, რომელიც შესაძლოა 20 იანვარს თბილისში გაიმართოს, სამშვიდობოების სარდლობამ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინოს. 

Back to top button