ახალი ამბები

რუსი სამშვიდობოები გალის რაიონში მომხდარ ინციდენტს უარყოფენ

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ–ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების პრესსამსახური უარყოფს 30 დეკემბერს გალის რაიონის სოფელ სიდაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომელზეც რეაგირების თხოვნით თბილისმა უკვე მიმართა გაეროს მისიას საქართველოში. 


30 დეკემბერს გალის რაიონში სამგზავრო ავტომანქანას თავს დაესხა უცნობი შეიარაღებული 5–კაციანი ჯგუფი, რომელთაც მთლიანად გაძარცვეს ავტომანქანაში მყოფი მგზავრები და მიიმალნენ.


ქართული მედიით გავრცელებული ეს ინფორმაცია, რომელიც ასევე გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო საშულებებმა, “მიზნად ისახავს ქართულ აფხაზური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გართულებას და დსთ–ს კოლექტიური უსაფრთხოების ძალების დისკრედიტაციას“, – იუწყება 4 იანვარს “აფსნიპრესი“ სამშვიდობოების განცხადებაზე დაყრდნობით.


30 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  თავდასხმა მოხდა სოფლებს მზიურსა და სიდას შორის განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ძალების №109 საგუშაგოდან 100-150 მეტრის დაშორებით და “რუსმა მშვიდობისმყოფელებმა არავითარი ზომები არ მიიღეს ინციდენტის აღმოსაფხვრელად“.


“ასეთი კრიმინალური თავდასხმები რეგულარულ ხასიათს ატარებს გალის რაიონში. აფხაზური სეპარატისტული ხელისუფლება და რუსეთის სამშვიდობო ძალები, როგორც ცხადყოფს მრავალი მსგავსი შემთხვევა, ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება“, – იუწყებოდა 30 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

Back to top button