skip to content
ახალი ამბები

თბილისს მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ რუსი კოლეგის გრიგორი კარასინის განცხადება იმის შესახებ, რომ თბილისში, სხვადასხვა დონეზე გრძელდება ანტირუსული კამპანია, “გაკვირვებას” იწვევს.


“ჩვენი აზრით, საქართველოს მხარის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებული განცხადებები, სწორედ ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების სურვილზე მიუთითებს“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ.


3 იანვარს “რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების ვადებზე საუბრის დაწყებამდე აუცილებელია ორმხირივი ურთიერთობების დარეგულირება.


“რაც შეეხება “ჩარჩო“ ხელშეკრულებას, არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მხარე ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დააჩქაროს მისი ხელმოწერა. ვთვლით, რომ ჯერ უნდა მოხდეს რამოდენიმე პრინციპული დებულების საბოლოო შეჯერება მხარეთა შესაბამისი სახელმწიფო კომისიების დონეზე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დოკუმენტის ხელმოწერის ვადებზე საუბარი“, – აცხადებს ქართველი დიპლომატი. 

რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები 2001 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მხარეები რამოდენიმე პრინციპულ საკითხზე ვერ თანხმდებიან. ესენია: რუსული მხარის მოთხოვნა ხელშეკრულებაში აისახოს საქართველოს ვალდებულება, რომ არ განალაგებს მესამე ქვეყნის ან ბლოკის შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ტერიტორიაზე; რუსეთის ვალდებულება მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში და ჩარჩო ხელშეკრულების სათაურში სიტყვა “სტრატეგიულის“ შეტანა, რომელთაც თბილისი ეწინააღმდეგება. 


მერაბ ანთაძემ გაიზიარა რუსი კოლეგის დამოკიდებულება, რომ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა არ არის კავშირში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან, რაც 2005 წლის 30 მაისის საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით რეგულირდება.


“ამასთან სასურველია, რომ რუსეთის მხარემ დააჩქაროს შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები, რათა შესაბამის სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწეროს“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button