
ქართული მხარე შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარების ინიციატივით გამოდის
ქართული მხარე 18-20 იანვრისათვის ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის თბილისში ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, სხდომის თბილისში ჩატარების შესახებ მიმართვა დღეს შსკ–ს (სამხრეთ ოსური, რუსული, ჩრდილოეთ ოსური მხარეების) თანათავმჯდომარეებს და ეუთოს წარმომადგენლებს გაეგზავნება.
“არსებობს რიგითობა, ამჯერად თბილისის ჯერია. ჩვენ ამ თემაზე მოსკოვში [27-28 დეკემბერს შსკ-ს სხდომაზე] ვისაუბრეთ და შევთავაზეთ თბილისში შედგეს შეხვედრა“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ 3 იანვარს “რუთავი 2“-ის ეთერში.
მისი განცხადებით, სხდომაზე განიხილება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებული სამოქმედო გეგმა და ასევე დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინადადებები, რომელის “ძირითად ნაწილში იდენტურია უკვე არსებული სამოქმედო გეგმის”.
“სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ყველას ესმის, იმისათვის, რომ სამშვიდობო პროცესი განხორციელდეს აუცილებელია დემილიტარიზაცია, ეკონომიკური რეაბილიტაცია, ნდობის აღდგენა და პოლიტიკური მოგვარება. პრაქტიკულად არაფერია იქ [თბილისის სამოქმედო გეგმაში] ისეთი, რასაც არ იზიარებდნენ მხარეები“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
მისი თქმით, ქართული მხარე შსკ-ს სხდომაზე ერთი წლის წინ ცხინვალის რეგიონიდან გატაცებული ელდარ კახნიაშვილის საკითხსაც დააყენებს. ამ დრომდე კახნიაშვილის ბედის შესახებ ინფორმაცია უცნობია.