skip to content
ახალი ამბები

ალ-ქაედასთან სავარაუდო კავშირის მქონე ჩეჩენი ლტოვილი დააკავეს

ადამიანის უფლებათა დამცველმა ქართულმა ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას ჩეჩენი ლტოლვილის მაჰომედ მაჰაევის, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია “იმედს“ ხელმძღვანელობს, პატიმრობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.


ადამიანის უფლებათა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის ცნობით, პოლიციამ მაჰომედ მაჰაევი 27 დეკემბერს დააპატიმრა და მას და მის საქველმოქმედო ორგანიზაციას ალ-ქაედას ქსელთან კავშირში დასდო ბრალი. მას ასევე ედება ბრალად დოკუმენტების გაყალბება და 24,000 ლარის მითვისება.


თბილისის საქალაქო სასამართლომ მაჰომედ მაჰაევს 28 დეკემბერს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


ჩეჩნური ვებ-გვერდის “კავკასიის ცენტრის“ ცნობით, საქველმოქმედო ორგანიზაცია “იმედი“, რომელიც  2003 წლიდან ფუნქციონირებს პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების დასახმარებლად, გერმანიაში მოქმედ Muslim Helfen–სა და გაერთიანებულ სამეფოში მოქმედ Muslim Hands-თან თანამშრომლობს.


ადამიანის უფლებათა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის ცნობით, ქართველი სამართალდამცავები ამ საქმეს 2005 წლის ივლისიდან იძიებენ და მაჰომედ მაჰაევი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, მთელი ამ ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა გამოძიებასთან და არ არსებობდა მისი დაპატიმრების საჭიროება. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button