ახალი ამბები

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყვიტა

27 დეკემბერს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლისათვის: ლალი გოჩელაშვილისთვის, ნინო გვენატაძისთვის, მურმან ისაევისთვის, მერაბ ტურავასათვის, თამაზ ილიაშვილისა და თამარ ლალიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ პროცესუალური დარღვევების მოტივით 26 დეკემბერს გამოიტანა განაჩენი ნინო გვენეტაძის, მერაბ ტურავას, თამარ  ლალიაშვილის და მურმან ისაევის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.


დღესვე კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს მოსამართლეების პარლამენტის სხდომაზე მოსმენას. ე.წ “მეამბოხე“ მოსამართლეები უკვე დიდი ხანია, რაც საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას ითხოვენ მათზე ზეწოლის ფაქტების გასახმოვანებლად.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს უსაყვედურა იმის გამო, რომ მათ არ შეასრულეს 22 ნოემბერს მიცემული დავალება მოსამართლეთა პრეტენზიების შესწავლასთან დაკავშირებით და ხელახლა დაავალა მათ მოსამართლეების საკითხის განხილვა.


დღესვე სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს “მეამბოხე მოსამართლეებმა“ და მათ წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდეს, რომელიც მათი თქმით, პარლამენტის წევრების გიგა ბოკერიას, ნიკა გვარამიასა და ნინო კალანდაძის უშუალო ჩარევით იქნა მიღებული. 


“ეს არის ის „ტროიკა“ 30-იანი წლების „ტროიკის“ მსგავსი, სამეული [გიგა] ბოკერია – მთავარი იდეოლოგი, [ნიკა] გვარამია – ბრალმდებელი, [ნინო] კალანდაძე მოსამართლე, რომლებმაც ჩვენს მიმართ მიიღეს აშკარად უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება“, – განაცხადა 27 დეკემბერს მერაბ ტურავამ.


დისციპლინარული კოლეგიის სხდომაზე, სადაც მოსამართლეების საკითხი განიხილებოდა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ნიკა გვარამია მთავარი მბრალდებელი იყო, ხოლო იმავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო კალანდაძე კოლეგიის წევრი.

მსგავსი/Related

Back to top button