ახალი ამბები

აშშ–ს სენატმა სამხრეთ ოსეთის შესახებ თბილისის სამშვიდობო გეგმას რეზოლუციის სახით დაუჭირა მხარი

26 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ–ს სენატის მიერ 21 დეკემბერს მიღებული რეზოლუციის სრული ტექსტი, რომლითაც სენატი გამოხატავს მხარდაჭერას  საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმისა და ამ რეგიონის საქართველოში მშვიდობიანი რეინტეგრაციის პროცესის მიმართ.


აშშ-ს სენატმა ოთხი სენატორის – ჯონ მაქკეინის, რიჩარდ ლუგარის, სემ ბრაუნბეკისა და ჰარი რეიდის მიერ ინიცირებული ეს რეზოლუციის პროექტი ერთხმად მიიღო.  


რეზოლუციის მიხედვით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება სამშვიდობო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური გადაწყვეტა.


თბილისის სამშვიდობო გეგმა “ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის რეგიონში კონტროლის მშვიდობიანად განხორციელებას და საქართველოს იურისდიქციის აღდგენას, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის შესაძლებლობას წარმოადგენს“, –ნათქვამია რეზოლუციაში.


სენატი ასევე “მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას გააძლიეროს თავისი ძალისხმევა საქართველოში სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი რეინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით, რაც გულისხმობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, ეუთოს, ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის გაფართოებას“.


რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აშშ “კვლავაც გაუწევს მონიტორინგს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესსა და ასევე, სამშვიდობო გეგმის მიღების შემთხვევაში, ყველა მხარის მიერ ამ გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებას“.


აშშ–ს სენატი ასევე მოუწოდებს ეუთოს წევრ ქვეყნებს “თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შეიცავს ძალის გამოყენების მუქარას, ან ძალის პირდაპირი ან არაპირდაპირი გამოყენებისაგან, და დაიცვან საზღვრების ურღვევობის პრინციპი“ საქართველოსთან მიმართებაში.


რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ “1991-1992 წლების კონფლიქტების შედეგად, სეპარატისტულმა რეჟიმმა დაამყარა თავისი მმართველობა საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, გააღატაკა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობა, განახორციელა რეგიონის მილიტარიზაცია, ხელი შეუწყო ორგანიზებული დანაშაულის ზრდას და საფრთხე შეუქმნა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.

მსგავსი/Related

Back to top button