ახალი ამბები

ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 26 დეკემბერს “იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური პრობლემების დამოუკიდებლად ვითარდება. მან ასევე ბაზების საქართველოდან გაყვანის პროცესში თბილისის მოქმედებებს “უცნაური და არასერიოზული“ უწოდა.


ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საქართველო და ლატვია ეკონომიკურად ყველაზე უფრო დამოკიდებულები არიან რუსულ კაპიტალზე და სწორედ ამ ქვეყნებთან აქვს რუსეთს ძალიან ცუდი პოლიტიკური ურთიერთობები, ლავროვმა უპასუხა: “ვფიქრობ, ეს დიდწილად  დაკავშირებულია წარსულის ემოციური მოგონებების გადალახვის საჭიროებასთან…ეს ქვეყნები მკვიდრდებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ეძებენ სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზებს. მათ სჭირდებათ ეკონომიკური და სოციალური საკითხების მოგვარება. ჩვენი სურვილია მათ ამაში დავეხმაროთ. ამიტომაც ჩვენ  არ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობები უნდა იყოს დამოკიდებული მრავალი პოლიტიკური, უფლებადაცვითი  თუ სხვა პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს ურთიერთობებში არსებობს“.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში ასევე შეეხო 30 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა „უკვე ყოფილ“ მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან მიღწეულ შეთანხმებას ბათუმისა და ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან 2005–2008 წლებში გაყვანის თაობაზე. მისი თქმით, ეს პროცესი პოლიტიკურად შეთანხმებულია, თუმცა დარჩენილია სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმების “ტექნიკური მხარე“.


“შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთების ვალდებულებაც 2005 წლის განმავლობაში ავიღეთ. და რას აკეთებს ქართული მხარე? შეთანხმების ხელმოწერის დროს მათ [თბილისმა] აიღეს ვალდებულება ხელი შეეწყოთ გაყვანის პროცესისთვის, მათ შორის, გაეცათ ვიზები რუსი სამხედროებისათვის… ქართული მხარე კი უცებ ამ ვიზების გაცემაზე უარს აცხადებს. და ამასთან მოითხოვს იმ ტექნიკური ხელშეკრულების გაფორმებას. მე ვთვლი, რომ  ეს უბრალოდ პროვოკაციაა“, – აცხადებს სერგეი ლავროვი, თუმცა დასძენს, რომ ახალადდანიშნულ  ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სავიზო პრობლემები მოგვარდა.


ლავროვი ასევე საუბრობს “ყოველდღიურ“ ინციდენტებზე, რომელიც საქართველოში რუს სამშვიდობოებთან და სამხედროებთან დაკავშირებით ხდება, “იმ მიზეზით, რომ მათ ვიზებს ვადა გაუვიდათ“.


“თუმცა ზუსტად ქართული მხარე აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ვიზები არ გაეცა. ეს მართლაც უცნაური და არასერიოზულია. ვიტყოდი – არასოლიდური სახელმწიფოსთვის“, – აცხადებს რუსეთის პირველი დიპლომატი.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button