
თავდაცვის სამინისტროში სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისია შეიქმნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა. კომისიას შეიარაღებაზე, სამხედრო ტექნიკასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე კონტროლი ევალება. მის ფუნქციებში იარაღის ექსპორტ-იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის და მის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგება შედის.
აქამდე შეიარაღებაზე კონტროლი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევალებოდა. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ეს ფუნქცია თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი ახალი კომისია 8 წევრისგან შედგება. ყოველი მათგანი თავდაცვის უწყების თანამდებობის პირია.
21 დეკემბერს თავდაცვის უწყებაში სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თავმჯდომარეობდა. მუდმივმოქმედმა კომისიამ სხდომაზე უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის წევრები დაამტკიცა.
კომისიის წევრებმა სამხედრო აღჭურვილობისა და შეიარაღების ქვეყანაში შემოტანაზე ნებართვების გაცემის საკითხი განიხილეს. კომისია სამ თვეში ერთხელ შეიკრიბება.