ახალი ამბები

ხაინდრავა: შსკ-ს შეხვედრაზე სამშვიდობო პროცესის გაჭიანურების მცდელობა იყო

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, მოსკოვში 27-28 დეკემბერს გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე რუსეთის მხრიდან სამშვიდობო “პროცესის გაჭიანურების“ მცდელობას ჰქონდა ადგილი.  

გიორგი ხაინდრავას განცხადებით, გაუგებარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვალერი ლოშინინის განცხადება, რომლის მიხედვითაც ედუარდ კოკოითის 12 დეკემბრის წინადადებების შესაბამისად უნდა შეიქმნას ცალკე ჯგუფი, რომელიც 2-3 თვის განმავლობაში იმუშავებს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ერთობლივ პროგრამაზე. 

“მოსკოვის შსკ-ს შეხვედრაზე იყო მცდელობა ამ [სამშვიდობო] პროცესის გაჭიანურების… ჩვენ ამას არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევაში. ჩვენ ვერანაირიად ვერ დავეთანხმებით, რომ დემილიტარიზაცია და ეკონომიკური რეაბილიტაცია შეჩერდეს, სანამ ეს ჯგუფი იმუშავებს“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ხაინდრავამ.


შსკ-ს დასკვნით პროტოკოლში ნათქვამია, რომ ქართული მხარე მომხრეა შსკ-ს ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნის, რომელიც 2006 წლის 1 თებერვლისთვის წარმოადგენს ერთიანი მოქმედების პროექტს იმ სამშვიდობო გეგმის შესაბამისად, რომელიც თბილისმა წარმოადგინა.


გიორგი ხაინდრავა ასევე არ ეთანხმება რუსული და ოსური მხარეების ბრალდებას, თითქოს ქართული მხარე არ დაეთანხმა საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის როი რივის ინიციატივას ძალის არ გამოყენებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ განცხადების მიღების თაობაზე.


“ჩვენ უნდა მოვაცილოთ რეგიონის მოსახლეობას იარაღი და მოვაცილოთ ძალის გამოყენების საფრთხე… აბსოლუტურად კონკრეტულია ჩვენი პოზიცია: თუ არ იქნება სერიოზული წინსვლა დემილიტარიზაციის პროცესში, თუ სამშვიდობო ძალები არ გადადგამენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, დღის წესრიგში ძალიან აქტიურად დადგება სამშვიდობო ოპერაციის ამ ფორმატით შეჩერების საკითხი“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.


მისი განცხადებით, დღის წესრიგში ქართული მხარე კვლავ აყენებს შსკ-ს ფორმატის გაფართოების საკითხს. “მოსკოვის შსკ-ს შეხვედრამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია“,–განაცხადა ხაინდრავამ.

Back to top button