skip to content
ახალი ამბები

რუსეთის პრეზიდენტი ლევიტინის თბილისში ვიზიტის შედეგებს მიესალმა

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი იტყობინება, რომ ვლადიმერ პუტინი მიესალმა 16 დეკემბერს თბილისში ხელმოწერილ ქართულ–რუსული სამთავრობათაშორისი კომისიის დასკვნით პროტოკოლს, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია აფხაზეთის გავლით რუსეთ–საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ სოჭის მოლაპარაკებებზე (2003 წელს) მიღწეული შედეგების პრაქტიკული რეალიზაციისაკენ.


“ეს ძალიან კარგი პროექტია, რომელიც უდაოა, რომ სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე რუსეთს და  ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“, – იუწყება “ინტერფაქსი“ ვლადიმერ პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.


პუტინმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 17 დეკემბერს სოჭში რუსეთის ტრანსპორტის მინისტრისგან, რუსეთ–საქართველოს სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარის იგორ ლევიტინისაგან თბილისში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.


“კომისიის მთავარი მოვლენა იყო ქართული მხარის თანხმობა სოჭი–თბილისის გამჭოლი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე. დადასტურდა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან [მიხეილ სააკაშვილთან] შეხვედრაზე, რომ საქართველო რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ამ [სარკინიგზო] მონაკვეთის აღდგენას აპირებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას იგორ ლევიტინმა.


თბილისში გამართული სამთავრობათაშორისი კომისიის დასკვნითი პროტოკოლი, რომელსაც ხელი პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და იგორ ლევიტინმა მოაწერეს, ითვალისიწნებს  რუსეთისა და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტების მიერ ერთობლივი კონსორციუმის შექმნას სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად  ფინანსების მოზიდვისა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით.


2003 წლის სოჭის შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ პუტინსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარს შევარდნაძეს შორის შედგა, რკინიგზის გახსნის საკითხის გადაწყვეტას აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებისა და ელექტოენერგიის საკითხების გადაწყვეტის სინქრონულად ითვალისიწნებს. რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინი “უშიშროების საბჭოს მისცემს დირექტივას ქართველ კოლეგებთან ერთად სიტუაციას მიადევნოს თვალი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button