skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

14 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი განაცხადა რუსულ ტელეკომპანია “НТВ“-ს ეთერში სამშვიდობოებზე გადაცემულ სიუჟეტთან დაკავშირებით და რუსეთის ელჩს ოფიციალური განმარტება მოსთხოვა.


რუსული ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტში სამარის სპეციალიზებული ბრიგადის ერთ–ერთმა რუსმა სამშვიდობომ განაცხადა, რომ აფხაზეთში დსთ-ს სამშვიდობო ძალების როტაციამდე მათ გაიარეს მომზადება, სადაც აუხსნეს, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და მხოლოდ 30–40 წლის განმავლობაში შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ “НТВ“-ს სიუჟეტში ნახსენებ “ლექციებში“ ისტორიული ფაქტების უხეში დამახინჯებანი ატარებენ არა უნებლიე, არამედ, აშკარად გამოხატულ პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს“.


“აღნიშნული გარემოებით შეიძლება აიხსნას რუსეთის სამშვიდობოების დანაშაულებრივი გულგრილობა კონფლიქტის ზონის მკვიდრ ქართველ მაცხოვრებელთა მკვლელობის, დაყაჩაღების, გატაცებისა და სხვა მძიმე დანაშაულების ფაქტების მიმართაც“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.


“საქართველოს მხარე აღნიშნავს, რომ რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესში მედიატორის სტატუსით მონაწილე რუსეთის მხარის მიუკერძოებლობას და მოელის რუსეთის მხარისაგან სათანადო ახსნა-განმარტებებს“, – ნათქვამია კომენტარში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button