skip to content
ახალი ამბები

ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ედუარდ კოკოითს ცხინვალში შეხვდა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, 14 დეკემბერს ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითისა და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის როი რივის შეხვედრა შედგა.


ამავე ინფორმაციის თანახმად, როი რივმა განაცხადა, რომ კოკოითის 12 დეკემბრის განცხადებამ კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი გეგმის შემუშავების თაობაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებსა და ეუთოს სხვა წევრი ქვეყნების მეთაურებს გაეგზავნათ, “დიდი ინტერესი გამოიწვია და მაშინვე გაიგზავნა ვენაში ეუთოს ქვეყნების მეთაურებისათვის გადასაცემად“.


როი რივი ასევე მოლაპარაკებათა პროცესის შემდგომ განვითარებასა და მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების როლსაც შეეხო.


ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცხინვალი პრინციპულად უჭერს მხარს კონფლიქტის სამეტაპიან მოგვარებას. კერძოდ, კი პირველი რიგის ამოცანაა ნდობის აღდგენა და უსაფრთხოების გარანტიები, ასევე კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაცია. “და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური საკითხების განხილვა“, – აცხადებს კოკოითი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button