ახალი ამბები

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებათა დარღვევის წლის მონაცემებს აჯამებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღემდე (10 დეკემბერი) ერთი დღით ადრე პრეს–კონფერენცია გამართეს და წარმოადგინეს ინფორმაცია 2005 წლის განმავლობაში სასამართლო ხელისუფლების და სამართალდმაცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საქართველოში.


ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩატარებული სპეცოპერაციების დროს 16 პოლიციელი და 15 ეჭვმიტანილი იქნა მოკლული.


“ის ფაქტი, რომ შს მინისტრი [ვანო მერაბიშვილი] გამოდის და დაკავებისას ადამიანს ბოროტმოქმედს უწოდებს, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაა. მოვუწოდებთ მინისტრს, რომ საფუძვლიანად წაიკითხოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია“, – განაცხადა დღეს პრეს–კონფერნციაზე მანანა კობახიძემ.


არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საგანაგაშო მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სასჯელაღსრულებით დაწესებულებეში. იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, სხვადასხვა ვითარებაში მოკლულ პატიმართა რაოდენობა 13–ს შეადგენს, ავადმყოფობით გარდაცვლილთა კი – 15-ს. ამას ემატება წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ციხეებში.


“კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დასკვნით, ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ქვეყანაში ვითარება საგრძნობლად გაუარესებულია.   
 
Amnesty International-მა 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში შეშფოთება გამოხატა საქართველოში დაკავებულთა წამების და ცუდი მოპყრობის ფაქტების გამო.

Back to top button