ახალი ამბები

ოქრუაშვილი სამხრეთ ოსეთში მომხდარ სროლაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 5 დეკემბერს დაპატიმრებული სოფელ არცევის მილიციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ კუძიევი იმ “კრიმინალური დაჯგუფების“ წევრია, რომელიც ყალბი აშშ დოლარების რეალიზაციაშია ჩართული.


ვიაჩესლავ კუძიევი საქართველოს სამხედრო პოლიციასთან მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა, როდესაც პოლიცია ცდილობდა კუძიევი სოფელ ერგნეთის მახლობლად დაეპატიმრებინა. ფეხში დაჭრილი კუძიევი გორის საავადმყოფოში მოათავსეს.


“ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთი კრიმინალების ბუდეა… ეს ჩვენი მესამე ოპერაცია იყო იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ყალბი ვალუტის რეალიზაციაში არიან ჩართულები. სამწუხაროდ, ერთ-ერთი წინა ოპერაციის დროს, ერთ-ერთი კრიმინალი – ერიკ დუდაევი გაგვექცა, თუმცა მას მაინც დავიჭერთ“, – განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს 5 დეკემბერს.


მისი თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა დაპატიმრებულ კუძიევს 16 000 ყალბი აშშ დოლარი ჩამოართვეს.


ოქრუაშვილმა კომენტარი არ გააკეთა იმაზე, თუ რატომ ჩაერთო სამხედრო პოლიცია კუძიევის დაპატიმრების ოპერაციაში. სამხედრო პოლიცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის, ცოტა ხნის წინ შეიქმნა და სამხედრო ნაწილებში წესრიგისა და დისციპლინის დაცვას ემსახურება.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button