ახალი ამბები

ბათუმის სასამართლომ ასლან აბაშიძეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

5 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელისთვის ასლან აბაშიძისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.  ეს განაჩენი სასამართლომ აჭარის ყოფილი ლიდერის დაუსწრებლად, მისი ქვეყანაში არ ყოფნის პირობებში გამოიტანა.


გენერალურმა პროკურატურამ ასლან აბაშიძის მიმართ თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის, ადამიანის უკანონოდ დაპატიმრების, ტერორისტული აქტების მოწყობის, კერძოდ კი 2004 წლის 2 მაისს ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე გასული წლის ივლისში აღძრა.


გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას აპროტესტებს ასლან აბაშიძის ადვოკატი შალვა შავგულიძე და მიიჩნევს, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან ასლან აბაშიძისთვის მიცემული  ხელშეუხებლობის გარანტიის პირობის დარღვევაა.


“პრეზიდენტისგან [მიხეილ სააკაშვილი] ასლან აბაშიძეს ჰქონდა ხელშეუხებლობის გარანტია და ეს ლიტონ სიტყვებად იქცა დღეს, რადგანაც გენერალურმა პროკურორმა მოითხოვა მისი პატიმრობა… ან გენერალური პროკურორი არ ემორჩილება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ან პრეზიდენტმა შეიცვალა პოზიცია…“, – განუცხადა 5 დეკემბერს ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ.


ასლან აბაშიძემ აჭარა 2004 წლის 6 მაისს დატოვა და რუსეთში გაემგზავრა, მას შემდეგ, რაც აჭარაში მისი მმართველობა უსისხლო რევოლუციის შედეგად დასრულდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button