Placeholder canvas
ახალი ამბები

ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტი“ ლუსტრაციის კანონის მიღების ინიციატივით გამოდის

30 ნოემბერს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლებმა გამართეს ლუსტრაციის შესახებ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელიც პარლამენტში დღესვე გაფორმდა ოფიციალური საკონონმდებლო ინიციატივის სახით.


“ამ პროექტის უპირველესი მოვალეობაა გაწმინდოს ხელისუფლება უცხო ქვეყნის აგენტებისაგან…დღეს საქართველოს დსთ–ში ყოფნა– არ ყოფნის და ნატოში გაწევრიანების საკითხი წყდება ანუ დადგა მომენტი, როცა აგენტურამ, რომლითაც საქართველო სავსეა, შესაძლოა ქვეყნის წინააღმდეგ იმუშავოს“, – ასე ახსნა  30 ნოემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე “რესპუბლიკელების“  ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ლუსტრაციის კანონის დღის წესრიგში დადგომის აუცილებლობა.


კანონპროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობდნენ. 


კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის წევრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის აპარატში თანამდებობებზე მუშაობა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოებში მაღალი რანგის თანამდებობებზე დანიშვნა ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც იყვნენ ყოფილი საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლები ან საბჭთა პერიოდში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ.


არჩევითი თანამდებობებისთვის, ნაცვლად აკრძალვისა, დაწესებულია კანდიდატების შესახებ მონაცემების სავალდებულო გამოქვეყნება.


‘იმედი გვაქვს, რომ დღეს საქართველოს შესწევს ძალა, რომ მიიღოს ეს კანონპროექტი, თუმცა იქნება წინააღმდეგობები“, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.


“დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრები მხარს უჭერენ ლუსტრაციის შესახებ კანონს, თუმცა “საბოლოოდ რა პოზიციას დაიკავებს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობა, იქნება მათი ერთგვარი ლუსტრაცია“.


ლუსტრაციის კანონის განხილვის წინა ორი მცდელობა წინა მოწვევის პარლამენტებში უშედეგოდ დამთავრდა.

მსგავსი/Related

Back to top button