skip to content
ახალი ამბები

გილაური: ზამთარში მოსახლეობას ბუნებრივი აირის საფასური არ გაეზრდება

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის ინფორმაციით, 2006 წლის 1 იანვრიდან ბუნებრივი აირის საფასური 110 დოლარი გახდება (1 000 კუბურ მეტრზე), თუმცა ზამთრის განმავლობაში თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე გადასახადი არ გაუძვირდება.


ცოტა ხნის წინ “გაზპრომის” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2006 წლიდან კომპანია საქართველოსთვის გაზის ღირებულების გაზრდას გეგმავს არსებული 63 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე, რასაც 22-24 ნოემბერს მოსკოვში პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის ვიზიტი მოჰყვა.


მოგვიანებით ზურაბ ნოღაიდელმა “გაზპრომის“ გადაწყვეტილებას ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირების თაობაზე “პოლიტიკური გადაწყვეტილება“ უწოდა.


მინისტრის ნიკა გილაურის თქმით, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია  გაძვირების შედეგად რამდენით განისაზღვრება ბუნებრივი აირის ტარიფი.

“[გაზის გაძვირებით წარმოქნილ] ზედმეტ თანხას ზამთრის პერიოდში, როცა გაზის მოხმარება მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია, ჩვენ [მთავრობა] თავად გადავიხდით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა გილაურმა.


ამასთან, მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ ბუნებრივი აირის გაძვირებას ელექტროენერგიაზე საფასურის დაახლოებით 2%–იანი გაძვირებაც მოჰყვეს.


მომავალი წლის განმავლობაში “გაზპრომი“ თბილისს 2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის და “ამ მხრივ არანაირი შეფერხებები არ იქნება“ , – განაცხადა მინისტრმა. 


ბუნებრივ აირზე ღირებულების გაზრდის შესახებ ხელშეკრულებას, მინისტრის ინფორმაციით, სავარაუდოდ მომავალ კვირას მოეწერება ხელი, როცა თბილისში “გაზპრომის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე რიაზანოვი ჩამოვა.


“გაზპრომის“ წარმომადგენლის ვიზიტისას ასევე გაფორმდება ხელშეკრულება ქართულ-რუსული ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე.  ერთობლივ საწარმოში, რომლის შექმნის ინიციატივაც ქართულ მხარეს ეკუთვნის, უფლებამოვალეობები პროპორციულად 50/50–ზე გადანაწილდება ქართულ და რუსულ მხარეებს შორის.


“ამ საწარმოს მოვალეობა იქნება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მოვლის უზრუნველყოფა. ასევე გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ზუგდიდის, ბათუმის, ფოთის გაზიფიკაციის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნიკა გილაურმა და დასძინა, რომ მაგისტრალური გაზსადენის მოვლა არ ნიშნავს, რომ იგი “გაზპრომის“ კუთვნილება გახდება, რისი სურვილიც რუსულმა კომპანიამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციის დროს გამოთქვა.


მინისტრის თქმით, ქართული მხარე “გაზპრომთან” აქტიურ მოლაპარაკებებს  განაგრძობს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის გაზრდაზე. თუმცა შესაძლო ტარიფის დასახელებისგან მინისტრი თავს იკავებს.


“ჩვენ ბუნებრივი აირის საფასურს, რა თქმა უნდა, არ ვუძვირებთ სომხეთს, მაგრამ ტრანზიტის საფასური სავარაუდოდ გაძვირდება, ამჟამად კონკრეტულ ციფრს ვერ დავასახელებ რამდენით, რადგან ამაზე მოლაპარაკებები ამჟამადაც მიმდინარეობს“, – განაცხადა ნიკა გილაურმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button