
ტალვიტიე სასაზღვრო სფეროში მიმდინარე რეფორმებით კმაყოფილია
დღეს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბადრი ბიწაძეს შეხვდა და უწყებაში მიმდინარე რეფორმები განიხილა.
შეხვედრის შემდეგ ტალვიტიემ განაცხადა, რომ სასაზღვრო უწყებაში დაწყებული რეფორმა წარმატებულია და აღნიშნა, რომ კორუფციის დონემ იკლო.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობას მესაზღვრეების წრთვნის სახით გააგრძელებს და ასევე რეფორმის შემდგომი ნაბიჯების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სექტემბრიდან ევროკავშირის ექსპერტთა ორი ჯგუფი საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს. ერთი ჯგუფი ძირითადად რეფორმების მიმდინარეობას, ხოლო მეორე, მობილური ჯგუფი უშუალოდ საზღვრებზე, ძირითადად კი ჩრდილოეთ საზღვარზე, არსებულ ვითარებას აკვირდება.