skip to content
ახალი ამბები

ტალიავინი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი 21 ნოემბერს სოხუმში აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ ქართულ-აფხაზური დეკლარაციის პროექტი განიხილა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


ჰეიდი ტალიავინიმ სერგეი შამბასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერო შეშფოთებულია იმ მრავალი საკითხის მოუგვარებლობის გამო, რომლებიც სამშვიდობო პროცესს აფერხებს. შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს თვითგამოცხადებული აფხაზეთის კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც ეთნიკურ ქართულ მოსახლეობას დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს.


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ მიუხედავად პრობლემებისა, სამშვიდობო პროცესში “გარკვეული პროგრესი“ მაინც შეინიშნება. მან ამის მაგალითად მოიყვანა თანამშრომლობა რკინიგზის მდგომარეობის შეფასებასა და ქართველ დევნილთა გალის რაიონში დაბრუნების საქმეში. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ქართველების გალის რაიონში დაბრუნება სპონტანურად მოხდა ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button