skip to content
ახალი ამბები

ანანი: კანონის უზენაესობის პატივისცემა მთავარია კონფლიქტების მოგვარების დროს







კოფი ანანი: გაერო განაგრძობს მცდელობებს
აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, რომელიც თბილისს 19 ნოემბერს ორსაათიანი ვიზიტით ესტუმრა, განაცხადა, რომ კანონის უზენაესობის დამკვიდრების და ადამიანის უფლებათა პატივისცემის გარეშე რთული იქნება აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.

საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კოფი ანანმა პრესისთვის განცხადება გააკეთა, თუმცა ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.


“ძალიან მოხარული ვარ, რომ შედგა ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი ვიზიტია, მე დიდი ხანია ვადევნებ თვალყურს თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა კოფი ანანმა.


“ჩემი კოლეგები გაეროს მისიიდან მუშაობენ თქვენთან და აფხაზური მხარის მთავრობასთან, რათა იპოვონ კონფლიქტის მოგვარების გზა. ჩვენ განვაგრძობთ მცდელობებს და კვლავაც ვიმუშავებთ მხარეებთან და ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს კანონის უზენაესობას და ადამიანთა უფლებებს და ღირსებებს. კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და პატივისცემის გარეშე რთული იქნება ამ პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.


კოფი ანანმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილთან შეხვედრის დროს მან ასევე განიხილა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხები.


“მინდა განვაცხადო, რომ ძალიან შთამბეჭდავია ის, რაც თქვენ გააკეთეთ ამ მოკლე პერიოდში. მადლობელი ვარ თქვენი მთავრობის და ხალხის, ჩემს სპეციალურ წარმომადგენელთან [ჰეიდი ტალიავინისთან] და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის“, – დასძინა კოფი ანანმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button