ახალი ამბები

ნოღაიდელი: შსკ-ს ფორმატის გაფართოება აუცილებლელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატი შესაცვლელია.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ლუბლიანაში ეუთოს ეგიდით 15-16 ნოემბერს გამართულმა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომამ, სადაც მხარეებმა ვერცერთ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 
 
“შსკ-ს ჩარჩოებში არათუ რაიმე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, არამედ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გახორციელებაზეც კი პრობლემებია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენ მიერ წარდგენილი გეგმის აუცილებლობას  – შსკ-ს ფორმატის გაფართოებას და მასში აშშ-ს, ევროკავშრის უფრო აქტიური მონაწილეობის საჭიროებას, მნიშვნელოვანია ასევე ეუთოს როლი იყოს უფრო მაღალი და არა მხოლოდ შეხვედრების ორგანიზატორის“, – განუცხადა ჟურანლისტებს 18 ნოემბერს ზურაბ ნოღაიდელმა.


ქართული მხარე შსკ-ს ფორმატის შეცვლის ინიციატივით ჯერ კიდევ 24-25 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ შსკ-ს სხდომაზე გამოვიდა, თუმცა ამ ინიციატივას მხარს არ უჭერენ ოსური და რუსული მხარეები და ფორმატის შენარჩუნებას მოითხოვენ.


კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე  ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით 1992 წელს შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია, სადაც ქართული, სამხრეთ ოსური, ჩრდილოეთ ოსური და რუსული მხარეები ერთიანდებიან. 

Back to top button