
სერგეი მირონოვი თბილისთან სავიზო სკანდალს საელჩოს თანამშრომლის დაუდევრობით ხსნის
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა “საერთაშორისო სკანდალი” უწოდა იმ ფაქტს, რომ სანკტ-პეტერბურგში 17–18 ნოემბერს დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სხდომას ქართული დელეგაცია პროტესტის ნიშნად არ ესწრება, რაც რუსეთის საელჩოს მიერ ქართული დელეგაციის წევრის გივი თარგამაძისთვის სავიზო პრობლემის შექმნას უკავშირდება.
“მე ძალიან ვწუხვარ, რომ [საქართველოს საპარლამენტო] დელეგაცია არ ჩამოვიდა. რუსეთის საელჩოს თანამშრომლის დაუდევრობის გამო დღეს ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სკანდალი“, -იუწყება “ინტერფაქსი“ 17 ნოემბერს სერგეი მირონოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
16 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთის საელჩომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. ქართული მხარის ამ გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ რუსეთის საელჩომ 16 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში თანხმობა განაცხადა ვიზის გაცემაზე.