skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი სააკაშვილი-პუტინი-კოკოითის შეხვედრას უჭერს მხარს

16 ნოემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ცხინვალი საქართველოს, რუსეთის და თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ინიციატივით გამოდის. 


“ჩვენ თავად მივმართეთ ასეთი წინადადებით, რადგან ვფიქრობთ, რომ  [ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ] ჟვანიასთან [2004 წლის 5 ნოემბერის] შეხვედრა იქნებოდა შედეგის მომცემი იმ შემთხვევაში, მხარეებს რომ შეესრულებინათ შეთანხმებები“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.


გასული წლის 5 ნოემბრის სოჭის შეხვედრაზე მხარეები კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციაზე და ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე შეთანხმდენენ. თუმცა მცდელობების მიუხედავად საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და სამხრეთ ოსეთის ლიდერს შორის ანალოგიური შეხვედრა მას შემდეგ აღარ გამართულა.


დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარება ეტაპობრივად უნდა მოხდეს. თუმცა კოკოითს კონფლიქტის მოწესრიგების ცალკეულ ეტაპებზე არაფერი უთქვამს.


“ისეთ ვითარებას უნდა დავუბრუნდეთ, როგორიც 2004 წლის 31 მაისამდე იყო. მთავარია კონფლიქტის ეპატობრივი მოგვარება“, – აცხადებს კოკოითი.


კონტრაბანდის აღკვეთის მოტივით ერგნეთის ბაზრობის დახურვას 2004 წლის ივნისიდან ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის პერიოდული ესკალაცია და აგვისტოში მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა, რამაც სამშვიდობო პროცესი შეაფერხა. 

Back to top button