ახალი ამბები

რუპელი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე საუბრობს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა, რომელმაც 15 ნოემბერს ლუბლიანაში შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრა გახსნა, განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია “უპირველესი ამოცანაა“. მან მოუწოდა მხარეებს შეთანხმდნენ “მყარ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სრულად და სწრაფად უნდა განხორციელდეს“, იტყობინება ეუთოს პრეს-სამსახური.


მან ასევე მოუწოდა მხარეებს შეასრულონ ყველა არსებული შეთანხმება, მათ შორის დემილიტარიზაციის შესახებ, რომელსაც მხარეებმა შსკ-ს ფარგლებში მიაღწიეს.


“სამწუხარო ფაქტია, რომ ეს შეთანხმებები ვერ შესრულდა. განზრახულებების შესახებ განცხადება შესაძლოა საჭირო იყოს, მაგრამ ისინი საკმარისი არ არის. პრაქტიკაში უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა დიმიტრი რუპელმა.


მისი თქმით, სამხრეთ ოსური და ქართული მხარეების სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა “ნამდვილად შეუწყობს ხელს კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციას და კატალიზატორის როლს ითამაშებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენის საქმეში“.    


მან ასევე აღნიშნა, რომ მანიშნებელი იმისა, რომ მხარეებს აქვთ სურვილი იმოძრაონ ამ მიმართულებით იქნება ერთობლივი პოლიციის – სპეციალური საკოორდინაციო ცენტრის შექმნა ცხინვალში.


“[კონფლიქტის მოგვარების] პროცესი არ უნდა იყოს უმოძრაო, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ წინ წავწიოთ ის პოზიტიური გზით. ამაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ამ მაგიდის გარშემო მჯდომთ“, – მიმართა რუპელმა საქართველოს, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებს შერეული საკონტროლო კომისიიდან.


მან ასევე მოუწოდა მონაწილეებს ხელი შეუწყონ უმაღლეს დონეზე დიალოგის გამართვას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის მონაწილეობით. 

Back to top button